მივესალმები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
„მივესალმები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას და მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოვუწოდებ. ჩვენი რეგიონისთვის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ერთადერთი მისაღები მომავალია”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, – ამის შესახებ განცახდებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში პროგრესის მიღწევა მოხერხდება.
„საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანმა სომხეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გასაყვანად ბოლო შანსი მისცა, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ოფიციალური ანკარა მოსკოვში გუშინ მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა ის ვერ ჩაანაცვლებს მთიანი ყარაბაღის პრობლემის გრძელვადიან მოგვარებას.
„27 ოქტომბრის შემდეგ აზერბაიჯანის მხარე მთელს მსოფლიოს აჩვენებს სიმტკიცესა და მზაობას, საკუთარი ძალებით გაათავისუფლოს უკვე 30 წლის განმავლობაში სომხეთის მიერ ოკუპირებული მიწები. ანკარა მთიანი ყარაბაღის პრობლემის დარეგულირების კუთხით გადადგმულ მხოლოდ იმ ნაბიჯებს დაუჭერს მხარს, რომლებიც აზერბაიჯანის ინტერესებს გამოხატავს. თურქეთი სამომავლოდაც მხარს დაუჭერს აზერბაიჯანს, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საფრანგეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, აგნეს ფონ დერ მიულმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა აუცილებელია ამ შეთანხმების შესრულება.
„ახლა აუცილებელია ამ შეთანხმების შესრულება და კარგად დაკვირვება, რათა შეიქმნას პირობები ორ ქვეყანას შორის საბრძოლო მოქმედებების მუდმივად შეწყვეტისთვის“, – განაცხადა ფონ დერ მიულმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, მინსკის ჯგუფის ეგიდით მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.
ამ ფონზე, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
როგორც აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან, სომხურმა მხარემ აღდამის რაიონი დაბომბა.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა, აზერბაიჯანის ძალებმა ყარახანბეილის მიმართულებით განახორციელეს თავდასხმა.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში დღეს შევიდა.
გუშინ მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების 11-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების თანახმად, დღეს 12:00 საათიდან კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლი უნდა შეწყდეს, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულების ცხედრების გაცვლა, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში.
ამირან სალუქვაძე, ექსპერტი:
„2-კვირიანი ომის“ (ალბათ ასე დაარქმევენ) დასასრული?
10-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ რფ-ის შუამავლობით, აზერბაიჯანი და სომხეთი, 10 ოქტომბრის 12.00-დან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
მხარეები, წითელი ჯვრის მეშვეობით გაცვლიან ცხედრებს და ტყვეებს.
ასევე, მხარეები შეუდგებიან სუბსტანციურ მოლაპარაკებებს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მონაწილეობით საბაზისო პრინციპებზე დაყრდნობით (პრინციპების შესახებ ვწერდი ამ დღეებში). მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების ფორმატის უცვლელობის შესახებ.
როგორც წინა პოსტში ვწერდი, მოლაპარაკებების ასე დიდხანს გაგრძელება მიუთითებდა, რომ რაღაც შეთანხმებაზე გადიოდნენ. ასევე ორი რამ აღვნიშნე, კარგი ის, რომ ცეცხლი შეწყდება, ცუდი - რუსეთი აგრძელებს ორთავე მხარეზე, შესაბამისად, რეგიონის უსაფრთხოებაზე გავლენების შენარჩუნებას.
საინტერესოა დღეს თურქეთის რეაქცია, განცხადებები. აზერბაიჯანის პრეზიდენტი თურქეთთან კონსულტაციებს რომ გაივლიდა ამ 10 საათის განმავლობაში, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს.
ასევე საინტერესო იქნება საბრძოლო მოქმედებების შედეგად მიღებული ურთიერთშეხების ახალი ზოლი, სად შეწყდა საომარი მოქმედებები, ვინ რა შედეგებს მიაღწია.
როგორც ამ დღეებში ვწერდი, ასეთ სერიოზულ ძალისხმევას აზერბაიჯანის მხრიდან, ბრძოლის ველზე, ის შედეგები არ მოჰყოლია, რა მოლოდინიც მათი მხრიდან იყო, გარდა მოლაპარაკებების გააქტიურებისა.
მოლაპარაკებები ისევ წარიმართება ადრე მიღწეული ფორმულების და პრინციპების (იხილეთ ჩემს ველზე) ბაზაზე ომის შედეგების რეალობების გათვალისწინებით. რამდენად წარმატებული იქნება, დრო გვიჩვენებს. რაიმე დათმობებს რომელიმე მხარის მხრიდან, იმ ქვეყნის საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი არ მიიღებს. ასეთი დათმობებია აღიარების საკითხი, ლტოლვილთა დაბრუნება და სხვა.
ის რომ ამ "2-კვირიან ომს" დიდი მსხვერპლი მოჰყვა, ცხადია. ამ მსხვერპლის მიზანი კი მოლაპარაკებების გააქტიურება აღმოჩნდა, "урегулирование через войну", - როგორც თავად რუსები ამბობენ.
ყველაზე მეტ გეოპოლიტიკურ დივიდენდებს, რუსეთი იწერს. რასთან გვაქვს საქმე, ესაა 1994-2 თუ რეალური დარეგულირების დასაწყისი, რაც რთულზე რთულია, გამოჩნდება. კონფლიქტი რომ გაყინვას არ ექვემდებარება, ბევრჯერ დავინახეთ.
P.S. 1. ადრინდელ პოსტში ვწერდი, რუსეთმა კიდევ ერთი დივიდენდი მიიღო, "თვისობრივად ახალი ურთიერთობების" დაპირება ნიკოლ პაშინიანისგან.
2. 10.10.20-10.00-ზე ყარაბაღში დაგეგმილი პრესკონფერენცია, გადაიდო 17.00-სთვის. გამოჩნდება, ჰუმანიტარული შესვენებაა, თუ უფრო ხანგრძლივი“, - წერს ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.