მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბიძინა ივანიშვილი: დაახლოებით ორ-სამ წელიწადში საზოგადოება იგრძნობს შვებას - 27 აგვისტო 2012

[myrights.ge] 

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რაჭველ ამომრჩევლებს კოალიციის პრიორიტეტები გააცნო. ივანიშვილმა პირველ რიგში სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ერთ მილიარდიან პროექტში აუცილებლად განიხილება ის, რომ იოლად ხელმისაწვდომი ფული გექნებათ თქვენ, რაჭველებს. თქვენ თვითონ შეიძენთ და ააშენებთ ხორცის, რძისა და ყველის გადამამუშავებელ ქარხნებს და ამით სტიმული მიეცემა ამ დარგის განვითარებას. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ გაატიალეს ჩვენი ტყეები. ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხანა უნდა იყოს ადგილზე, აქედან მორები არ უნდა იზიდებოდეს და რაც მთავარია, ამისგან სარგებელი ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს და არა ვიღაც კამპანიებმა, რომლებიც არც კი ვიცით საიდან მოდიან.

ჩვენი ხელისუფლება ისეთ ეკონომიკურ კანონებს იღებს, რომლებიც ინვესტიციების შემოდინებას ეწინააღმდეგებიან, – აცხადებს ივანიშვილი ონის მოსახლეობის წინაშე გამოსვლისას. მის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ქართული ოცნება ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოსვლას და ეკონომიკის აღორძინებას. ივანიშვილის განცხადებით, დაახლოებით 2-3 წელიწადში საზოგადოება იგრძნობს შვებას.

ქართული ოცნების ლიდერმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის აღორძინების მთავარი ფაქტორი მცირე და საშუალო საწარმოების გახსნაა. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, პირადად იცნობს საზღვარგარეთ 1 000-ზე მეტ ქართველ ბიზნესმენს და ეს ადამიანები ჩამოვლენ საქართველოში და განახორციელებენ ინვესტიციებს.

მისი თქმით, რაჭაში ცხოვრობდა 2 000-მდე ებრაული ოჯახი, ამჟამად კი 4-5 ოჯახია დარჩენილი. როგორც ქართული ოცნების ლიდერმა განაცხადა, ის ებრაელები რომლებიც საქართველოდან წავიდნენ და ახლა საზღვარგარეთ ბიზნესი აქვთ, დაბრუნდებიან საქართველოში და მიიღებენ მონაწილეობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.

გაჭირვება შეუძლია აღკვეთოს ბიზნესმა და არა დასაქმების სამინისტრომ, - ამბობს ივანიშვილმა. მისივე განცხადებით, დასაქმების მინისტრის კომპანია დაკავებულია ჭიათურის ტყეების გაკაფვით.

ივანიშვილის განცხადებით, თუ საქართველო თავად არ გახდა სამაგალითო ქვეყანა, ვერ დაიბრუნებს აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და ქვეყანამ უნდა მისცეს მაგალითი აფხაზ და ოს ხალხს:

აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნების საწინდარი დემოკრატიული და განვითარებული ქვეყანაა. თუ სამართლიანი სასამართლო და ძლიერი ეკონომიკა არ გვექნება, ეს ვერ მოხდება. დღეს ქართველები თავად გავრბივართ აქედან და როგორ დავარწმუნოთ ისინი, რომ ჩვენთან იცხოვრონ.

ივანიშვილის თქმით,  მიხეილ სააკაშვილმა საბჭოთა კავშირი დააბრუნა თავისი იდეოლოგიით“. მისივე თქმით, პრეზიდენტი ქართულ ოცნებას ადანაშაულებს, რომ კოალიციას საბჭოთა კავშირში დაბრუნება სურს. თუმცა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა თავად დააბრუნა საქართველოში საბჭოთა კავშირი, რადგან ქვეყანაში არ არსებობს განსხვავებული აზრი და არსებობს პარტია ნაციონალური მოძრაობა, რომელიც კომუნისტურ პარტიას ჰგავს.

მათ საქართველოს ეროვნული დღესასწაული გადააქციეს პარტიულ დღესასწაულებად. სად გსმენიათ, ვაჟაობა ერთ თვეში ორჯერ გვეზეიმოს.

მისივე თქმით, კოალიცია ქართულ ოცნებას მსგავსი არც განცხადება გაუკეთებია და არც მოქმედებით გამოუხატავს:

სააკაშვილი საზოგადოებას მუდამ აშინებს რუსეთით. რუსი არ გვინდა. მამისონის უღელტეხილი 18 კილომეტრით არის გადმოწეული. იქ რუსეთის დროშა ფრიალებს. ვინ გააკეთა ეს, ივანიშვილმა?.

მან ასევე ისაუბრა რუსულ აგრესიაზეც და განაცხადა, რომ რუსები დიდი ხანია,  ცდილობდნენ საქართველოში შემოჭრას, ამისთვის საბაბს ეძებდნენ და 2008 წლის აგვისტოში ეს მიზეზი მათ მიხეილ სააკაშვილმა მისცა: როგორ მოხდა, რომ სწორედ მისმა სისულელეებმა მისცა რუსეთს საშუალება, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს გადმოელახა კავკასიონი.

ივანიშვილმა ისაუბრა ხელისუფლების ბრალდებაზეც, თითქოს ის არის რუსეთის აგენტი. მისი განმარტებით,  ხარჯების 99 პროცენტს საქართველოს ახმარდა: „თუ ასეთ აგენტებს გზავნის რუსეთი საქართველოში, ის ყოფილა ყველაზე საყვარელი ქვეყანა.

ქართული ოცნების ლიდერი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო წყობასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდეს.

ჩვენ პლურალისტური კოალიცია გვაქვს. კოალიციაში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებს" სურვილი აქვთ, რომ საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყოს, თუმცა "რესპუბლიკელებს" მკვეთრად განსხვავებული პოზიცია აქვთ და უფრო საპარლამენტოსკენ იხრებიან. დანარჩენ პარტიებს პრინციპული მოსაზრება არა აქვთ. პირადად მეც, უფრო მეტად საპარლამენტო წყობისკენ ვიხრები და უპირატესობას მას ვანიჭებ, თუმცა პრინციპული მნიშვნელობა არც ჩემთვის არ აქვს. მთავარია, კანონი დავიცვათ და მისი პატივისცემა ვისწავლოთ.

მისივე განმარტებით, თუ აუცილებელი გახდება, კოალიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრს საზოგადოებას ჰკითხავს და რეფერენდუმს ჩაატარებს:

როცა გუნდში ამ საკითხზე ჭიდილი დაიწყო, მე ვთხოვე, რომ ეს თემა მომავლისთვის გადაგვედო. ჩვენ საზოგადოებას შევეკითხებით. თუ საჭირო იქნება რეფერენდუმს ჩავატარებთ და ქართველ მოსახლეობასთან შევათანხმებთ იმას, თუ რომელ წყობას აირჩევს.

ონში ქართული ოცნების აქციის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა. როგორც ინტერპრესნიუსის კორესპონდენტი იუწყებოდ, ბარათაშვილის ქუჩაზე, ეკლესიის ტერიტორიაზე, შეკრებილ ქართული ოცნების მხარდამჭერებთან ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე აქტივისტი ქალი მივიდა, რომლებიც სკანდირებდნენ - გაუმარჯოს ნაციონალურ მოძრაობას, გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს. მათი მტკიცებით, ონის რაიონის მოსახლეობის 90% სწორედ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია, მოქალაქეების უმეტესობა კი, ქციაზე ბიძინა ივანიშვილის ფულის გამო მივიდა.

ნაციონალურ მოძრაობის მხარდამჭერების ასეთ განცხადებებს ქართული ოცნების გაღიზიანება მოჰყვა და მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ქართული ოცნების აქტივისტების ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ქალები გამგეობის თანამშრომლები არიან.

შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია თელავში, 9 სექტემბერს კიზუგდიდში გაიმართება.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE