[myrights.ge]
სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უკანონო შემომწირველების მიმართ 1.575.000 ლარის ოდენობით სანქციის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.
ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც „პირWელი“ უცვლელად გთავაზობთ:
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების წარმომავლობის კანონიერება შეისწავლა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ოფიციალურად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პოლიტიკური სუბიექტისათვის სოლიდური თანხების შემომწირველი ხუთი პირის შემოსავლები შეუსაბამოა რაიმე სახის დანაზოგის განხორციელების შესაძლებლობასთან.
ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხუთი შემომწირველი პირის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე. შესაბამისად, მათ მიერ პოლიტიკური გაერთიანებისთვის შეწირული თანხები ჩაითვალა უკანონო შემოწირულობად და სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის (1.575.000 ლარის) ფარგლებში ყადაღა დაედო მათ ქონებას.
უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განსახილველად ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა.
2. პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის“ შეწირული თანხების კანონიერების შესწავლის პროცესში ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიჩნია, რომ ერთი პირის შემოწირულობის შემთხვევაში გამოიკვეთა მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადების ნიშნები. საკითხის ამომწურავად შესწავლის და შემდგომი რეაგირების მიზნით, საქმის მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს წინადადებით მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უკანონოდ მიჩნეული თანხები დაუბრუნოს შემოწირულობის განმხორციელებელ პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, აღნიშნული თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასევე ააიპ „საქართველო არ იყიდებას“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა.
აუდიტის სამსახური ააიპ „საქართველო არ იყიდებას“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „პირWელი“ უცვლელად გთავაზობთ:
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ორგანული კანონით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტის - ააიპ „საქართველო არ იყიდებას“ წევრების გიგა ნასარიძისა და ირაკლი ლექვინაძის მიერ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ განხორციელებული არაფულადი შემოწირულების საკითხი.
ააიპ „საქართველო არ იყიდებას“ მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის ასახული ვიდეო რგოლების სახით არაფულადი შემოწირულების მიღების ფაქტი და არ არის დეკლარირებული „მოქალქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დაცვით.
შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ააიპ „საქართველო არ იყიდებას“ მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც ორგანული კანონით განსაზღვრული სანქციის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. სამართალდარღვევის საქმე განსახილველად ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მონიტორინგს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების კანონშესაბამისობის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.