[myrights.ge]
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე ოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია.
ამის შესახებ ხიზანიშვილმა თელავის სამხარეო პოლიციის შენობაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ხიზანიშვილის განმარტებით, ოპერაციის დასრულება გუშინ ლოპოტას ხეობაში ჩამოწოლილი ნისლის გამო ვერ მოხერხდა:
„12-კაციანი შეიარაღებული ჯგუფიდან 11 მათგანის გვამი ნაპოვნია. მათი დაკრძალვა მათივე რელიგიური მრწამსის შესაბამისად მოხდება. ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, ჩრდილოეთ კავკასიიდან. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სავარაუდოდ, რამდენიმე დაჭრილი შეიარაღებული ჯგუფიდან ტყეში იმყოფება და ამჟამად, მათი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და 5 დაიჭრა.
ლაფანყურეში მძევლობიდან გათავისუფლებული 5 ახალგაზრდა დაკითხვიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მაცხოვრებლებმა განუცხადეს.
მათი თქმით, ქართველი ძალოვანების მიერ გათავისუფლებული მძევლები სახლებში იმყოფებიან.
„ხუთი ახალგაზრდა, რომლებიც ქართველმა სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს და დაკითხვაზე ჰყავდათ, ამ დროისთვის სახლებში იმყოფებიან. მათი თქმით, ისინი მძევლად 17-კაციან დაჯგუფებას ჰყავდა. დანარჩენ დეტალებზე არ საუბრობენ“, - განაცხადა სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა.
წუხანდელმა ღამემ სოფელ ლაფანყურში მშვიდად ჩაიარა. დაახლოებით, 02:00 საათის შემდეგ სამხედრო მანქანების გადაადგილება ლაფანყურიდან ლოპოტას ხეობის მიმართულებით არ შეინიშნებოდა, თუმცა დროის გარკვეული ინტერვალებით აღნიშნული მიმართულებით პოლიციის ე.წ. პიკაპის ტიპის ავტომობილები მოძრაობდნენ.
აღსანიშნავია, რომ სოფელში მოსახლეობაში პანიკა არ შეინიშნება. სოფლის ცენტრში ჟურნალისტებთან ერთად რამდენიმე ადგილობრივი იმყოფება, ძირითადად, მამაკაცები.
საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დევნის ოპერაციის დროს დაჭრილილი სპეცრაზმელების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომელმაც დღეს დილით ღუდუშაურის კლინიკაში ის დაჭრილი სპეცრაზმელი მოინახულა, რომელსაც გუშინ ფეხის არეში ოპერაცია ჩაუტარდა:
„წუხელ და დღეს დილით ჩვენ ახალი პაციენტი არ დაგმატებია ან დაჭრილი, ან კიდევ ღმერთმა დაგვიფაროს დაღუპული. არის 5 დაჭრილი, რომლებიც კვლავ ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. კიდევ 2 სპეცრაზმელს გუშინ ასევე ჩაუტარდა ოპერაცია. ერთს - მხარზე და ერთს კიდევ - ბარძაყზე და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ყველაფერი მიმდინარეობს ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ და ვითარება სტაბილურია. ღუდუშაურში მყოფ დაჭრილ სპეცრაზმელს მე დღეს დილით შევხვდი. გადატანილი ოპერაციის შემდგომ თავს სუსტად გრძნობს, მაგრამ როგორც ნამდვილ მებრძოლს შეეფერება, სულისკვეთებით არის მხნედ“.