[myrights.ge]
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან ახმეტ ჩატაევი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული იყო დაჭრილი, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ლოპოტას ხეობაში ძებნის ღონისძიებას.
ლაფანყურთან ახლოს, შსს–მ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო. პოლიციის ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნება, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა.
შსს–ს 29 აგვისტოს ინფორმაციით, ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი. შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა 29 აგვისტოს თელავში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 11 დივერსანტი ლიკვიდირებულია, 6 კი - ალყაშია.
შსს–მ 3 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 11 ლიკვიდირებულიდან 7–ის იდენტიფიცირება მოხდა, მათგან ორი, 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ალდამოვი საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენი 5 კი რუსეთის. ასლან მარგოშვილი, ბაჰაუდინ ალდამოვი და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი პანკისის ხეობაში სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს.
6 სექტემბერს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა ექსკლუზიური ინტერვიუ პანკისის ხეობაში მცხოვრებ ერთ–ერთ ვაჰაბიტთან. რესპოდენტი ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს ამხელდა და აცხადებდა, რომ სპეცოპერაციას გადაურჩა პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდა, რომლის სახელიც არის ახმედა. რესპოდენტის თქმით, იგი დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელია.
„ერთი ხელი არ აქვს. ქისტი ქალი ჰყავს ცოლად და პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. სპეცოპერაციის შემდეგ აღარ ჩანს“, – აღნიშნა რესპოდენტმა ინტერვიუში.
იმავე დღეს, კახეთის საინფორმაციო ცენტრს ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განუცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ლოპოტას ხეობაში 18–კაციანი ჯგუფი იყო.
„აქედან 4–მა დაღესტანში გადასვლა მოახერხა, 4 ადამიანი მოდულში იმყოფება, მათ შორის ვინმე „ცალხელა ახმედა“, – განაცხადა არეშიძემ. ახმეტ ჩატაევთან დაკავშირებით შსს–ში კომენტარს არ აკეთებდნენ.
შეგახსენებთ, შსს სპეცოპერაციიდან ხუთი დღის განმავლობაში მალავდა, რომ ლიკვიდირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. შსს–მ ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ განაცხადა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულთა დასაკრძალად 7 საფლავი პანკისის ხეობის სოფელ დუისის სასაფლაოზე იყო გათხრილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა კი ლიკვიდირებულთაგან სამი ახალგაზრდის ფოტოები გაავრცელა.