მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლერი ხაბელოვი: ისეთ უიმედო მდგომარეობაში არიან, რომ ზღაპრებს იგონებენ - 08 სექტემბერი 2012

 

[myrights.ge] 

ქარელში კენჭს იყრის ადამიანი, რომელიც ქართული დროშის ქვეშ არ გამოვიდა პეკინის ოლიმპიადაზე იმიტომ, რომ მძინარე ცხინვალი გააღვიძეს ქართველებმაო. ახლა იყრის კენჭს და უნდა თქვენი მეშვეობით მოვიდეს პარლამენტში, აცხადებს პრეზიდენტ სააკაშვილ გორში, ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას: „რა არის ამაზე მეტი დაცინვა და სულში ჩაფურთხება ჩვენი ერისთვის.

მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლა სურთ ადამიანებს, რომლებმაც უჩივლეს საქართველოს, რომ ქართველებმა ჩაიდინეს სამხედრო დანაშაულებები:

ეგ კაცი გამოგყავს და ოცნებობ, რომ ეს კაცი გაიყვანო ქართლელების ხელით პარლამენტში, როცა კენჭს აყრევინებ ადამიანს, ვინც უჩივლა საქართველოს, რომ ქართველებმა ჩაიდინეს სამხედრო დანაშაულებები თურმე რუსების წინააღმდეგ. თურმე ჩვენ კი არ გვბომბავდნენ, ჩვენი სახლები კი არ დაანგრიეს და ჩვენი ხალხი კი არ დახოცეს, თურმე ეს ჩვენ გავაკეთეთ და ასეთი ადამიანები მოიწევენ ახლა ხელისუფლებაში.

რა საერთო უნდა მქონდეს მე ადამონ ნიხასთან? ასეთი აბსურდული ბრალდება კარგა ხანია არ მომისმენია ამათი მხრიდანაც კი. ეტყობა ისეთ უიმედო მდგომარეობაში არიან, რომ ასეთ ზღაპრებს იგონებენ. ადამიანს რაღაცას რომ აბრალებ მისი დამამტკიცებელი საბუთი ხომ უნდა გქონდეს? წარმომიდგინონ დოკუმენტი რომელიც ამტკიცებს, რომ მე ადამონ ნიხასში ვიყავი - ასეთი დოკუმენტი რომ ჰქონოდათ, აქამდე ააფრიალებდნენ, - აცხადებს ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქარელის რაიონში ლერი ხაბელოვი გაზეთ ახალი თაობისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მაბრალებენ, მაბრალებენ, მაგრამ ის მაინც მითხრან რომელ წლებში ვიყავი ამ ორგანიზაციაში - თანაც, როგორც ზოგიერთი ამბობს, თურმე ერთ-ერთი ლიდერიც ვყოფილვარ. დავიწყოთ იმით, რომ მე 90-იან წლებში არანაირ პოლიტიკურ პროცესებში არ ვმონაწილეობდი და პოლიტიკისთვის არ მეცალა. იმ პერიოდში აქტიურ სპორტში ვიყავი, ვემზადებოდი ოლიმპიადისთვის. ამ დროს რომელ ათლეტს სცალია პოლიტიკისთვის. თუ მე ამ ორ საქმეს ერთმანეთს ვუთავსებდი, მაშინ ძალიან მაგარი ვყოფილვარ. თანაც, თუ ადამონ ნიხასის წევრი ვიყავი, ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით რატომ გამოვიდოდი? ამ თემაზე საუბარი აბსურდია, პასუხის გაცემაც კი სირცხვილია ამაზე. მაგრამ, სამწუხაროდ მიწევს კომენტარების გაკეთება, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლერი ხაბელოვი.

მათი მხრიდან კიდევ ბევრ ბრალდებას მოვისმენთ. პირადად მე მათი ბრალდებების არ მეშინია - იმიტომ, რომ საქართველოში ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის. მე კი ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ არც ერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს. ოდესღაც ალბათ მართლამ ვიჯექი კოკოითისთან ერთად სუფრაზე, მაგრამ არა ომის სემდეგ. ამათ ფანტაზიებს აშკარად ზღვარი აღარა აქვს. და აღარც ფანტაზიები უვარგათ. თუ იგონებ, ცოტა დამაჯერებელი მაინც მოიგონე. ვთქვი და ახლაც ვიმეორებ - სად არის საბუთი? მაჩვენონ სურათი, სადაც კოკოითისთან ერთად ვარ სუფრაზე და ხელში სირჩა მიჭირავს. დამიმტკიცონ მეც და ხალხსაც, რომ ომის შემდეგ კოკოითის მიერ მოწყობილ საზეიმო სუფრაზე ვიჯექი. ასეთ დოკუმენტს ვერ წარმოადგენენ იმიტომ, რომ ასეთი რამ არ ყოფილა, - განაგრძობს რესპონდენტი.

უიმედო მდგომარეობაში არიან, ზღაპრებსაც ვეღარ იგონებენ, ისე კი გეტყვით, საიდან წამოვიდა ეს ბრალდება. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მე ქართულ მისიას ვხელმძღვანელობდი. ომი რომ დაიწყო იქ ვიყავით. ესენი შეშინებულ თაგვებს ჰგავდნენ, არ იცოდნენ რა ეთქვათ. მივედი და ვუთხარი, რომ დანაშაული და შეცდომა იყო ომი. შეცდომად მივიჩნიე ისიც, ოლიმპიადიდან წამოსვლას რომ აპირებდნენ - ალბათ გახსოვთ, გაკეთდა ასეთი განცხადებაც. მე ამის წინააღმდეგი წავედი -აი, მაგას მიაბეს ეს უაზრობა. მე ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ილაპარაკონ რამდენიც უნდათ, - დასძენს ლერი ხაბელოვი და შეკითხვას - თქვენთვის შეიძლება ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ საზოგადოებაზე ხომ მოქმედებს ეს ბრალდებები? - პასუხობს:

არა მგონი დაიჯერონ. მათმა ბრალდებებმა უკვე სასაცილო სახე მიიღო. სამწუხარო ისაა, რომ ამ სისულელეებზე მიწევს კომენტარების კეთება.

ლერი ხაბელოვი დაიბადა 05.07.1964, თბილისი. თავისუფალი ჭიდაობა (100 კგ). 1993-96 წლებში გამოდიოდა რუსეთის სახელით. XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1992, ბარსელონა), XXIV ოლიმპიადის მეორე პრიზიორი (1988, სეული), XXVI ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ატლანტა – ტრავმის გამო მესამე წრიდან გამოეთიშა შეჯიბრებას. საბოლოოდ – XIV ადგილი). 

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1985, 87, 90, 91, 93) და მესამე პრიზიორი (1995), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1985, 87, 88, 92), მსოფლიოს თასის მფლობელი (1991), მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებსა (1982) და ახალგაზრდებს (1983) შორის, სსრკ სამგზის ჩემპიონი (1985, 87, 88) და მეორე პრიზიორი (1990), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986). 

თბილისის საერთაშორისო ტურნირში ექვსგზის გამარჯვებული (1985-90), გერმანიის, ბულგარეთისა და პოლონეთის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1987). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (2000-04) და პირველი ვიცე-პრეზიდენტი (2004-იდან), საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1998-04). ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE