მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მიხეილ სააკაშვილი: ჩემმა გუნდის წევრებმა იციან, რომ თუ გაბედავენ და მოიპარავენ, თავი წასძვრებათ - 08 სექტემბერი 2012

[pirveli.com.ge]

პრეზიდენტის სააკაშვილის განცხადებით, მისმა გუნდის წევრებმა იციან, რომ "თუ გაბედავენ და მოიპარავენ, თავი წასძვრებათ".

"პუტინი ამბობს, ომი მე დავიწყეო. არიან ქართველები, რომლებიც ამბობენ, ყველაფერში საქართველოა დამნაშავე და უნდა მუხლებზე მივფორთხდეთ და თავზე ნაცარი დავიყაროთო. ეს საქართველოს გზა არასდროს ყოფილა. მარტო რუსები კი არა, ბევრი ქართველი იძახდა, რომ 2008 წლის ომმა საქართველოს ნატო-ს კარები დაუკეტა. გუშინწინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, თუ ვინმეს ეგონა, რომ საქართველოში შემოჭრით დაუკეტა ნატო-ს კარი, ძალიან მწარედ ცდებოდა. ესეც სააკაშვილი ხომ არ არის, ეს არის ნატო-ს გენერალური მდივანი. ასე ტყუიან ჩვენი ოპონენტები მუდმივად. ისინი ამბობენ, ჩვენ გვატარებინეთ მაისური "მე მიყვარს საქართველო". კი, ყველას უნდა გვიყვარდეს საქართველო, მაგრამ თუ შენ ამბობ, რომ ომში დამნაშავეა საქართველო, შენ არ გიყვარს საქართველო; თუ გრძელი სია გაქვს დასანგრევი შენობების, გეგონება ყველაფერი უკვე ავაშენეთ, მათ შორის ქუთაისში პარლამენტის შენობის გადაკეთება საკონცერტო დარბაზად გინდა, შენ არ გიყვარს საქართველო; თუ გგონია, რომ უნდა დავაბრუნოთ კორუფცია და კრიმინალი, რომელთაც კონკრეტული სახელები და გვარები აქვთ, შენ არ გიყვარს საქართველო; მოგყავს ისეთი ხალხი, ვინც საქართველოს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა რუსეთის წინააღმდეგ, ვინც ეს კაცი სიაში ჩასვა, ამ ხალხს და ყველა მის თანამებრძოლს არ უყვარს საქართველო; ეს ყველაფერი ძალიან მარტივია.

ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, საქართველო არის ერთიანი. არასდროს არ მახსოვს ამდენი ქართველი ჩვენს მოედნებზე შეკრებილი, ეს არ ყოფილა ვარდების რევოლუციის დროსაც კი. პირველ ოქტომბერს არის საქართველოს წარსულში დაბრუნების მსურველთა და მათ მფარველთა ბოლო გაფართხალება და ჩვენ გავალთ სამშვიდობოზე. ჩვენ არანაირი უფლება არა გვაქვს, ჩვენი შვილების თვალწინ დავბრუნდეთ უკან, ხელი გავუმართოთ მათ, ვისაც ჩვენი შენობების დანგრევა კი არ უნდა მარტო, არამედ ყველაფრის დანგრევა უნდა, რაც ავაშენეთ. ჩვენ მოვიშორეთ კანონიერი ქურდები, რომლებიც ახალგაზრდობისთვის მისაბაძი იყო. ეს არ მოსულა ჩვეულებრივ ფასად, მოვიდა იმის ფასად, რომ უამრავი მტერი გავიჩინეთ. ძალიან ბევრ კონკრეტულ ფულიან ადამიანს ვეზიზღებით. ბევრი ფული იხარჯება, რომ ეს ყველაფერი უკან დაბრუნდეს, მაგრამ არასდროს ამ ახალგაზრდების მისაბაძი აღარ გახდება კანონიერი ქურდი, ვერასდროს ნარკომანია ვერ დაბრუნდება ჩვენს ეზოებში, ვერავინ დაემუქრება ჩვენს მასწავლებლებს დაჭერით. შეუძლია დაემუქროს, მაგრამ შეჭამოს უკან თავისი სიტყვები. ერთი თმა არ ჩამოუვარდება არცერთ ქართველ მასწავლებელს, რომლებიც ქმნიან ჩვენი ქვეყნის ახალ მომავალს და ნურავინ ნუ ემუქრება, ვისაც ჩვენი სიბნელეში დაბრუნება უნდა.

ჩვენი და ამ გუნდის ერთადერთი ცოდვა არის ის კი არა, რომ არ აჰყვა სხვების ფეხის ხმას (რა თქმა უნდა, ისინი არ იპარავენ და თუ ვინმემ გაბედა, კარგად იცის, რომ თავი მოძვრება), მთავარი ღირსება არის, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ერთი რამ – გვიყვარს საქართველო", - განაცხადა სააკაშვილმა ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE