[myrights.ge]
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელის პირდაპირ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ვანო მერაბიშვილს, ქდმ-ის – გიორგი თარგამაძესა და „ლეიბორისტ“ შალვა ნათელაშვილს შორის ტელედებატები გაიმართება.
ტელევიზიის გენერალური დირექტორის გიორგი ჭანტურიას განცხადებით, „საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე და მერვე პუნქტების საფუძველზე, ტელედებატებში მონაწილეობის უფლება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, კოალიცია „ქართულ ოცნებას“, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ აქვთ.
დებატების პირველ ეთერში მონაწილეობის მისაღებად მაუწყებელი სწორედ ამ პარტიების მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს იწვევს. 18 სექტემბერს დაგეგმილ მეორე დებატზე კი მაუწყებელი ამავე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიების პირველ ნომრებს ეპატიჟება.
როგორც ცნობილია, დღევანდელ ტელედებატებში მონაწილეობის სურვილი მერაბიშვილმა, ნათელაშვილმა და თარგამაძემ უკვე გამოთქვეს.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს, იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელედებატებში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც „მედიანიუსს“ ივანიშვილის პრესპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, მათ ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს ოფიციალურად უკვე აცნობეს.
ივანიშვილმა დებატებში მონაწილეობის შეთავაზებისთანავე განაცხადა, რომ მისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეთავაზებული დებატების ფორმატი მიუღებელია, რადგან ლეიბორისტებს და ქრისტიან-დემოკარტებს ოპოზიციად არ აღიქვამს და მათ „ოპოზიციად გასაღებას“ ხელს არ შეუწყობს. მისი თქმით, ივანიშვილი, როგორც კოალიციის ლიდერი, დებატებში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს ან ვანო მერაბიშვილს თავისი მთავრობის შემადგენლობით დაუჯდება.
დებატების ორგანიზებაში ჩართულია ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტო და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი. დებატების წესები საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ექსპერტის მიერ არის შემუშავებული.
დებატებისთვის კითხვები საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მიერ საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგად, მოსახლეობის მიერ ყველაზე აქტუალურად გამოვლენილი თემატიკისა და მედიის წარმომადგენელთა მიერ გაგზავნილი შეკითხვების საფუძველზე შეირჩევა. დებატების ქრონომეტრაჟი დაახლოებით 1,20–დან 1,40 საათამდე იქნება. მისალმებისთვის ყოველ მონაწილეს 2 წუთი დაეთმობა.
ამის შემდეგ გადაცემის წამყვანი თითოეულ რესპონდენტებს სამი კითხვით მიმართავს. დებატებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტი ეკა მიშველაძე გაუძღვება.
ტრანსლაცია სატელიტური სიგნალით განხორციელდება, პირდაპირი ტელე-ტრანსლაცია მოხდება მაუწყებლის ოფიციალურ საიტზე და „ფეისბუქის“ გვერდზე. დებატები მონაწილეებთან შეთანხმებული წესებით წარიმართება.
ჟურნალისტები პოლიტიკურ დებატებს „პრაიმ-თაიმის“ პრესკლუბში დააკვირდებიან.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დებატები 20:00 საათზე დაიწყება.