[myrights.ge]
„ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ აშენებს, სინამდვილეში კი ანგრევს, ზოგი კი ფიქრობს, რომ ანგრევს, სინამდვილეში კი აშენებს“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, თუ ადამიანი აშენებს, ბედნიერია, ხოლო თუ ანგრევს, უბედურია. პატრიარქმა ერთ-ერთი მეცნიერის სიტყვები გაიხსენა, რომელიც ამბობდა, რომ სიხარული არის საწყისი მწუხარებისა, ხოლო მწუხარება არის საწყისი სიხარულისა.
„ამიტომ ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ეს და უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მუდამ მონაწილე უნდა ვიყოთ შენებისა და სიკეთის კეთებისა. ღმერთმა ინებოს, რომ მოგვეცეს ძალა და მადლი, ვაკეთოთ სიკეთე“, – ბრძანა პატრიარქმა და ბრძენი სოლომონის სიტყვები გაიხსენა, რომელიც ამბობს, რომ ჟამი არს ნგრევისა და ჟამი არს შენებისა, ჟამი არს ომისა და ჟამი არს მშვიდობისა.
მისივე თქმით, ის მოვლენები, რომელიც ხდება დედამიწაზე, ყველაფერი ადამიანზე არ ყოფილა დამოკიდებული.
„ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება ან ომი, ან ნგრევა, ან სხვა რამ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი მონაწილე ხდება ამ ნგრევისა და შენებისა“, – აღნიშნა პატრიარქმა და ისურვა, რომ მოგვეცეს მადლი სული წმინდისა, რათა გაგვეხსნას გონება და დავინახოთ ნება ღვთისა.
„ღმერთმა ინებოს, რომ მუდამ ვაშენებდეთ და სიკეთეს ვაკეთებდეთ“, – აღნიშნა ილია მეორემ.
პატრიარქი მთავრობას, ოპოზიციას და მხედრობას მომავალ კვირას ბაგრატის ტაძარში იწვევს. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, მომავალ კვირას იხსნება ბაგრატის ტაძარი და ამასთან დაკავშირებით ის წირვა-ლოცვას ქუთაისში შეასრულებს.
„იქნება ბაგრატის ტაძრის კურთხევა. ტაძრის ამშენებელი მეფე ბაგრატი არის საქართველოს გამაერთიანებელი. ამიტომ ყველას, პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს მომავალ კვირას გიწვევთ ბაგრატის ტაძარში“.
ქადაგების დასრულების შემდეგ ილია მეორემ დეკანოზები აბრაამ სოლომნიშვილი და ალექსანდრე ქარდავა მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
ბოლოს კი პატრიარქმა დალოცა საქველმოქმედო ფონდი „ახალგაზრდული ფრთა“ და ათამდე გვარი.