[myrights.ge]
რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ზვიად ძიძიგურის წარსული პოლიტიკური საქმიანობა გაიხსენა. მისი თქმით, პირველი ოქტომბერი იქნება რუბიკონი იმ ძალებისთვის, რომლებსაც საქართველოს უკან დაბრუნება უნდათ და ამ ძალებს კონკრეტული სახელები და გვარები აქვს:
„ამ ძალებს ჰყავს კონკრეტული მიმდევრები. ეს ხომ აბსტრაქტული რაღაც არ არის. აგერ თქვენ გამოგიგზავნეს ერთ-ერთი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც თავის რაიონში, სამტრედიაში, ჩვენ რომ ვიყავით „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაშინ იყრიდა კენჭს. რა არ ვქენით, ყურებზე გავიარეთ. არ უნდოდა იმ ხალხს, არ მოსწონდათ. იქ ვერ აყრევინებენ კენჭს, იმიტომ, რომ ყველამ იცის, რაც არის. რუსთავი თვალში ხომ არ ეპატარავებათ, რომ „სექენდ ჰენდი“ შემოგტენონ მაინც და მაინც თქვენ“.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას „არა მუმიებს, არამედ ახალგაზრდებს გადავაბარებთ“. პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კი აღნიშნა: „ჩვენი მიზანია, პოლიტიკური არეალიდან წავშალოთ 90-იანი წლების დინოზავრები“. თბილისის მერმა გიორგი უგულავამ კი პოლიტიკური ოპონენტები „წარსულის აჩრდილებად“ მოიხსენია.
კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი „ზრდილობიანი ადამიანი“ იქნება. როგორც ძიძიგურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებაში ბრაზი იგრძნობოდა.
„უპირველეს ყოვლისა იმას ვიტყვი, რომ მე სამტრედიაში არჩევნებში გავიმარჯვე. გარდა ამისა, საქმე მხოლოდ ჩემში არ არის. სააკაშვილს 40 წელს გადაცილებული ყველა ადამიანი ეჯავრება, რადგან მათ წარსულის გადმონაშთებად და უვარგის ხალხად მიიჩნევს. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ყველა თაობის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა ექნება და იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ზრდილობიანი ადამიანი იქნება“.
უფლებათადამცველი გელა ნიკოლაიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 8 სექტემბერს გამართულ ყრილობაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოსვლებში გამოყენებულ ლექსიკას სიძულვილის ენად მიიჩნევს.
როგორც უფლებათადამცველმა „მედიანიუსს“ განუცხადა, ნაციონალები ადამიანებს სწორედ სიძულვილის ენის გამოყენებით „აბოლებენ“ და ატყუებენ, თითქოს ამჟამინდელი ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა და ხელისუფლების წასვლა წარსულში დაბრუნება და ტრაგედია იქნება. ნიკოლაიშვილის მოსაზრებით, ეს უბრალოდ, განწირულის ხმაა:
„ეს მათი მხრიდან იმის ქადაგებაა, ჩვენ შემდეგ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო. ეს ისტერიკის გამოხატულებაა, რისთვისაც სიძულვილის ენასაც იყენებენ. ამ ხელისუფლების პირობებში ლენინიზმიც იქნება, რომლის ერთ-ერთი დამახასიათებელია მტრის ხატის ძიება, მმართველი პარტიის შეუცვლელობის ქადაგება და ის არის, რომ ნათელი მომავალი შენდება და ქვეყანა მათ ხელში მხოლოდ წინ მიდის, ხალხი ბედნიერია. ისინი ამის დათესვას ცდილობენ. ეს არის ლენინიზმი და ეს მოაქვს სწორედ იმ ისტერიკას, რომელშიც ხელისუფლება არის ჩავარდნილი“.
ნიკოლაიშვილის მოსაზრებით, ხელისუფლება ძალიან კარგად ხედავს, რომ ხალხის უმრავლესობის რეალური მხარდაჭერა არ აქვს. სწორედ ამით არის განპირობებული მისი ისტერიკაც:
„ამ ისტერიკამ შესაძლოა, ისინი იქამდე მიიყვანოს, რომ ყველაფერზე წავიდნენ, მათ შორის, ქვების სროლაზე. ქვების სროლიდან ტყვიის სროლამდე კი დიდი მანძილი აღარ არის დარჩენილი. ამისთვის ამზადებენ საზოგადოებას, რომ მტერს ვებრძვით და არა შიდა ოპოზიციას, რომელშიც ხალხმა მტერი უნდა დაინახოს. ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხის ზომბირებას ახდენენ და იმის ნიადაგს ამზადებენ, რომ თუ მათ მასობრივი რეპრესიები გაატარეს, ეს ხალხმა ისევე მიიღოს და ტაში დაუკრას, როგორც 30-იან წლებში უკრავდნენ ტაშს ხალხის მტრების, იმპერიალიზმის აგენტების წინააღმდეგ სასიკვდილო განაჩენს“.