[myrights.ge]
გუშინ თელავში „ქართული ოცნების“ აქციის შემდეგ ინციდენტი მოხდა. პანკისის ხეობაში მცხოვრები სამი ქისტი რამდენიმე ადამიანმა სცემა. როგორც დაზარალებულები ამბობენ, მათ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისთვის გაუსწორდნენ.
კოალიციის პრეს-სპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, თელავის აქციის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ სამი ქისტი მხარდამჭერი პოლიციამ დააკავა.
როგორც ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 22 წლის ანგელ ბორჩაშვილი, 25 წლის ხიზარ ქუშანაშვილი და 40 წლის ხაზირ გაურგაშვილი აქციის დასრულების შემდეგ მანქანის მიმართულებით მიდიოდნენ, როდესაც მათ თავს 20-მდე ახალგაზრდა დაესხა და ქისტები ცემეს:
„ამის შემდეგ ბიჭები საავადმყოფოში წაიყვანეს, საიდანაც პოლიციამ სამმართველოში გადაიყვანა, თუმცა თელავის შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონულ განყოფილებაში კომენტარს არ აკეთებენ იმაზე, თუ რა მუხლითა და ბრალდებით დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. ერთ-ერთი მათგანი ცუდად გახდა და ისევ საავადმყოფოში დააბრუნეს, აღნიშნული ფაქტი უწყებათაშორის კომისიას უკვე ვაცნობეთ, ეს არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების პოლიტიკური ნიშნით დევნის ნათელი გამოხატულება“.
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, თამარ კინწურაშვილის განცხადებით, თელავის ინციდენტთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება მოხდება.
როგორც კინწურაშვილმა აღნიშნა, ქისტების ცემის შესახებ მისთვის ინფორმაცია მედიით გახდა ცნობილი და აღნიშნულ საქმეზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება:
„პოლიციაში 21:00 საათზე შევიდა შეტყობინება. გამოძიებისთვის ამ საკითხის შესწავლა არის პრიორიტეტული და, როგორც ჩვენთვის დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი, რეაგირება მოხდება“.