[myrights.ge]
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხელისუფლებას სთხოვს, „Must Carry“-სა და „Must Ooffer“-ის პრინციპების გახანგრძლივების შესაძლებლობა განიხილოს. ამის შესახებ წინასაარჩევნო დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს ჟურნალისტებს დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკა ვოლონტემ გააცნო:
„მასმედია გადამწყვეტ როლს ასრულებს საარჩევნო პროცესში, რადგან ის არის ამომრჩევლისთვის ინფორმაციის ძირითადი მიმწოდებელი. დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი პირობაა, რომ ყველა პარტიას სრულად და თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი მედია-საშუალებებზე. დელეგაცია მიესალმება პლურალიზმზე და მედია ხელმისაწვდომობაზე ზრდას, რაც განპირობებული იყო „Must Carry“-სა და „Mudt Offer“-ის მეშვეობით. ჩვენ ვიცით, რომ ეს მოთხოვნა არჩევნების დღეზე და პოსტ საარჩევნო პერიოდზე არ ვრცელდება.
აქედან გამომდინარე, დელეგაცია სთხოვს ხელისუფლებას განიხილოს „Must Carrry“-ს გახანგრძლივების შესაძლებლობა, ვიდრე საარჩევნო პროცესი არ დასრულდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკაბელო მაუწყებლობა ფართოდ არ არის გავრცელებული საქართველოს ყველა რეგიონში, დელეგაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება, რათა იმ რეგიონებში, რომლებსაც საკაბელო ტელევიზიები ვერ ფარავს, მედიაზე წვდომა გააუმჯობესონ“.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ „მასთ ქერის“ შეთანხმება საკაბელო მაუწყებელსა და არხს შორის კომერციული შეთანხმებაა და მასში კანონმდებელი მუდმივად ვერ ჩაერევა. მისივე განმარტებით, სახელმწიფოს გამონაკლისის სახით ამის გაკეთება მხოლოდ საარჩევნო პერიოდში შეუძლია:
„მასთ ქერის“ დასრულება იმას არ ნიშნავს, რომ საკაბელოებმა და ტელევიზიებმა უნდა შეწყვიტონ თანამშრომლობა. მათ შეუძლიათ თანამშრომლობა გააგრძელონ. ჩვენ მივესალმებით და მხარს დავუჭერთ ნებისმიერ შეთანხმებას, ნებისმიერ საკაბელო მაუწყებელსა და ტელევიზიას შორის იმის თაობაზე, რომ მათი თანამშრომლობა გაგრძელდეს“.
პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ კაბელები და ტელევიზიები ორმხრივად მისაღებ მოდელზე შეთანხმებას შესძლებენ და ერთმანეთთან გრძერლვადიან პერსპექტივაში ითანამშრომლობენ.
კამპანია „ეს შენ გეხებას“, „აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ და კოალიცია „მედიის ადვოკატირების“ წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილების გზით შექმნას გარანტიები, რათა „მასტ ქერის“ და „მასტ ოფერის“ პრინციპების მოქმედება გაგრძელდეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე და გამოთქვამენ მზადყოფნას, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში პარლამენტთან ითანაშრომლონ.