[pirveli.com.ge]
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შს სამინისტროს მოუწოდებს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარში დამნაშავეები დასაჯონ.
ამის შესახებ ნანუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
"ნებისმიერი ძალადობა უნდა დაიგმოს. ამავე დროს ჩვენ მოვუწოდებთ შს სამინისტროს, გაატაროს ეფექტური ღონისძიებები იმისათვის, რომ დაიწყოს გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავეები. ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ სიტუაცია ჩაცხრა და ამ პროცესში მნიშვნელოვანი შინაგან საქმეთა მინისტრის პირადი მონაწილეობა იყო, რამაც პოზიტიური როლი შეასრულა. თუმცა აქვე საჭიროა ითქვას, რომ პოლიციამ მოქალაქეთა და პრეზიდენტის მომხრეების უსაფრთხოების დაცვა ვერ შეძლო. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ საპოლიციო ძალების მობილიზაცია საკმარისი არ იყო. უნდა ითქვას, რომ გაღიზიანებული ტონით საუბარი მომიტინგეებთან არ იყო მართებული. თანამდებობის პირებს თმენის ვალდებულება მართებთ", - განაცხადა ნანუაშვილმა.