[pirveli.com.ge]
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტს არასდროს უთქვამს, რომ პრეზიდენტს არ მოუსმენდა.
როგორც უსუფაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, უმცირესობასთან დიალოგი არც შეწყვეტილა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია.
"პარლამენტს არასოდეს უთქვამს, რომ მას არ მოუსმენდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სწორედ იმ ფონის გათვალისწინებით, რაც იყო შექმნილი ქვეყანაში და ჩავთვალეთ, რომ ცალკეულ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმების შემდეგ და შემთხვევაში გაცილებით უპრიანი და პროდუქტიული იქნებოდა ეს დებატები პარლამენტში. უპრიანი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი გაიზიარებდა ჩვენს ამ მოსაზრებას, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია", - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდს დიალოგის დაწყება შესთავაზა. მან ასევე მზადყოფნა გამოთქვა, საკანონმდებლო ორგანოს წინაშე სიტყვით წარსდგეს.