[მედიანიუსი]
1998 წელს კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული მოქალაქეები თბილისის მერიას მათი კუთვნილი ქონების მიტაცებაში ადანაშაულებენ.
როგორც დღეს თბილისის მერიის წინ, ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულთა აქციაზე მისულმა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება- თბილისელების” თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ განაცხადა, დაზარალებულების წინაშე ვალდებულებები სახელმწიფომ საშინაო ვალად აღიარა და პრობლემის მოგვარება დაიწყო, რაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლით პრაქტიკულად შეწყდა. 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში კი ქალაქის მერიამ საარჩევნო ხმების მოპოვების მიზნით თავისთავზე აიღო ამ ვალდებულების გასტუმრება, რაც არჩევნების დასრულების შემდეგ ისევ ცენტრალურ ხელისუფლებას გადააბარა, კერძოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებსს.
როგორც დუმბაძემ განმარტა, ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ამ პრობლემის შესწავლისა და გადაჭრის მიზნით. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, მერია მის მოთხოვნებს არ ასრულებს, რაც ხელს უშლის პრობლემის მოგვარების დაჩქარების პროცესს.
ფრაქცია ,,ქართული ოცნება-თბილისელები” ქალაქის მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებს და მოითხოვს ფინანსთა სამინისტროს 2012 წლის 25 დოკემბრის მოთხოვნის საფუძველზე, დანიშნოს საკუთარი წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფში, ასევე დროულად დაიწყოს აღრიცხვა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ იმ მიწის ნაკვეთებზე და მასთან არსებულ შენობა-ნაგებობებზე, რომელთა მშენებლობაც დაიწყო და არ დასრულებულა კოოპერატიული ბინათმშენებლობა. ამას გარდა, დროული ინფორმაცია მიაწოდოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ კომისიას.
თბილისის მერიის პრესსპიკერი ბაჩო დოლიძე კი აღნიშნულ პროცესებში მერიის ჩართვას არალოგიკურად მიიჩნევს.
,,ამ კონკრეტულ თემატიკაზე 1998 წლიდან მუშაობს ცენტრალური მთავრობა კერძოდ, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები. ამ ორმა უწყებამ შიდა ვალად ცნო დაზარალებულ კოოპერატიულ ბინათმშენებელთა საკითხი და მათი ფულადი კომპენსაცია უნდა მოხდეს. მერიის ჩართულობის აზრს ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. მითუმეტეს აქ ბინების კომპენსაციებზეა საუბარი და არა მიწების. სწორედ ამ ორ უწყებას უნდა მიმართონ დაზარალებულებმა, რადგან პასუხისმგებლებიც ისინი არიან”-აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.