მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
“სინათლის ქალაქის” მეშვეობით დედაქალაქის მერია ნაცმოძრაობის პარტაქტივს ასაქმებდა _ ზაზა გაბუნია - 12 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

თბილისის საკრებულოს წევრ ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, შპს “სინათლის ქალაქის” მეშვეობით დედაქალაქის მერია იგივე ფინანსურ სქემას ახორციელებს, რასაც ადგილი “თბილსერვის ჯგუფში” ჰქონდა. საუბარია გაბერილ შტატებზე და იქ ნაცმოძრაობის აქტივისტების ფიქტიურ დასაქმებაზე. გაბუნიამ ეს განცხადება დღეს მაესტროს პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.

“2010 წელს წინასწარ დაგეგმილი ტენდერში გაამარჯვებინეს შპს “სინათლის ქალაქს”, რომელმაც ჩაანაცვლა “თბილქალქგანათება”, რომელიც მანამდე პასუხისმგებელი იყო დედაქალაქის გარე განათების ქსელების ექპლუატაცია-მოვლა-პატრონობაზე და რომელიც დაკომპლექტებული იყო ძალიან კვალიფიციური დ გამოცდილი კადრებით. 2010 წლის შემდეგ ბაზარზე ოპერირება დაიწყო “სინათლის ქალაქმა”, რომელსაც არ ჰქონდა არც გამოცდილება ამ საქმეში, არ ჰყავდა კვალიფიციური კადრები და არ ჰქონდა ტექნიკა. აღნიშნული კომპანიის ტენდერში გამარჯვების მოტივაცია გახდა ის, რომ ეს კომპანია იყო დაახლოებული და მეტიც, ნაწილი თბილისის მერიის იმ სქემისა, რომლის მიხედვითაც იქ უნდა დასაქმებულიყო ნაციონალური მოძრაობის პარტაქტივი და ამ ორგანიზაციას უნდა განეხორიციელებინა კერძო, პირადი, პარტიული ფუნქცია და ამოცანები. 2010 წელს, მას შემდეგ რაც “სინათლის ქალაქმა” მიიღო ვალდებულება თბილისის გარეგანათების ექსპლუატაციისა და მოვლისა, “თბილქალაქგანათებამ” როგორც ორგანიზაციამ, შეწყვიტა არსებობა. “სინათლის ქალაქში” მოხდა ნაცმოძრაობის აქტივისტების დასაქმება. შეიქმნა 100-ზე მეტი სპეციალური შტატი, რომლებიც თავიანთი დასახელებითა და ფუნქციით აბსოლუტურად არ ერგება ამ კომპანიის ამოცანებსა და ფუნქციებს, მაგრამ ისინი შეიქმნა იმისათვის, რომ იქ ყოფილიყვნენ დასაქმებული ის ადამიანები, რომლებიც ნაცმოძრაობასთან იყვნენ კავშირში. გავრცელებული ინფორმაციით, ამავე კომპანიაში ფიქტიურად იყვნენ დასაქმებული ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ ნაცმოძრაობის ზონდერჯგუფებს, თუმცა ეს რამდენადაა ასე, გამოძიებამ უნდა დაადასტუროს”, - განაცხადა გაბუნიამ და დასძინა, რომ ამ ფინანსური სქემით უნდა მომხდარიყო მილიონობით ლარის აკუმულირება შემდგომში კონკრეტული პარტიული ამოცანების უზრუნველსაყოფად.

გაბუნიას თქმით, “სინათლის ქალაქში” შექმნილია ე.წ. სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც დასაქმებულები იყვნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ექს-მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, დეპუტატი კობა ხაბაზი, იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩი კონსტანტინე გაბაშვილი, პარლამენტის ექს-თავმჯდომარე დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია, ექსდეპუტატი მამუკა სანებლიძე, პარლამენტის აპარატის ყოფილი უფროსი დავით ჯანიაშვილი და სხვა ადამიანები.

“ეს ყველაფერი მოხდა იმ ფონზე, როცა ამ სისტემიდან კვალიფიციური კადრების გათავისუფლება მასობრივად მოხდა”, - განაცხადა გაბუნიამ.

საკრებულოს წევრის ინფორმაციით, ამ საკითხით გამოძიება უკვე დაინტერესდა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE