[მედიანიუსი]
მწვავე რესპირატორული ინფექციების ეპიდემიოლოგიური საფრთხის შემთხვევაში რისკჯგუფებისთვის ვაქცინაცია უფასო იქნება. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ჯაშმა დღეს განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სახელმწიფო მწვავე რესპირატორული ინფექციის პრევენციისთვის ვაქცინაციას არ აფინანსებს. თუმცა მწვავე რესპირატორული ინფექციის უპიდემიოლოგიური საშიშროების შექმნის შემთხვევაში სახელმწიფო რისკ-ჯგუფების (ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები და ორსულები) უფასო ვაქცინაციას უზრუნველყოფს.
„ვაქცინაცია ძვირი არ ჯდება. თუკი მოქალაქე მის ჩატარებას მოინდომებს, სასურველია ეს შემოდგომის სეზონის დაწყებისთანავე გააკეთოს, რათა როდესაც მწვავე რესპირატორული დაავადების (გრიპი) მაჩვენებლები მოიმატებს, მოქალაქე დაცული იყოს ვირუსის გართულებისგან“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის, წინა წლებთან შედარებით, საქართველოში მწვავე რესპირატორული ინფექციების მაღალი მაჩვენებელი არ აღირიცხება, მაგრამ წელს სამი ადამიანი სწორედ გრიპის გართულებული ფორმით გარდაიცვალა.