[მედიანიუსი]
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერი გიგი უგულავა დაკითხვაზე არ გამოცხადდება და გამოძიება მის მიმართ იძულებით მიყვანის წესს გამოიყენებს, ეს კანონიერი იქნება. ამის შესახებ იურისტმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში ისაუბრა.
“ნებისმიერი ადამიანი, ვინც სამართალდამცავი ორგანოების მიერ იქნება დაბარებული მოწმის თუ სხვა სახით დაკითხვაზე, ვალდებულია გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება. გამონაკლისი, ცხადია, არც თბილისის მერი არაა. იმ შემთხვევაში, თუ ის არ გამოცხადდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ მითითებულ ადგილას, მაშინ სამართალდამცავებს აქვთ უფლება მის მიმართ იძულებითი მიყვანის წესები გამოიყენონ. ასეთი შემთხვევა იყო პარლამენტის წევრებთან მიმართებაშიც და სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს, რომ მათ მიმართ იძულებითი ზომების გამოყენების შესაძლებლობა სამართალდამცველებს არ აქვთ, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი ვალდებულნი არიან, რომ მისცენ ჩვენება. თუ ჩვენების მიცემაზე უარს იტყვის, იქნება ეს პარლამენტარი თუ თბილისის მერი, სამართალდამცველებს უფლება აქვთ, დაიწყონ ძიება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. მერთან მიმართებაში იძულებითი მიყვანის წესის გამოყენება კანონიერი იქნება”, - განაცხადა კოჟორიძემ და დასძინა, რომ იგი ვერ ისაუბრებს იმაზე, პოლიტიკურად რამდენად მიზანშეწონილია თბილისის მერის მიმართ მსგავსი წესის გამოყენება.
“თბილისის მერი თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული და თვითონ უნდა აძლევდეს ნებისმიერ ადამიანს იმის მაგალითს, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა არის რიგითი მოქალაქეების და მათ შორის თბილისის მერის ვალდებულება. ის მიზეზი, რაც მის მიერ დასახელდა, რომ დაკითხვაზე არ მისვლით ის პოლიციელთა ღირსებას იცავს, ჩემთვის სრულიად გაუგებარია... რა ლოგიკურ კავშირშია პოლიციელთა ღირსება და მერის არ მისვლა დაკითხვაზე?!”, - აღნიშნა მან.