[pirveli.com.ge]
პრეზიდენტის სააკაშვილის განცხადებით, დაკავებები და დაკითხვებზე დაბარებები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს პრობლემებს უქმნის.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ევროპულ სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც თბილისის მერ გიგი უგულავასა და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა.
"დაკითხვებზე დაბარებები უკვე პარადოქსიც აღარ არის, ეს არის წმინდა პოლიტიკური პროცესები, თუმცა ვერ შეგვაშინებენ. შესაძლოა, შეცდომები იყო, თუმცა დასაყვედრებელი ნამდვილად არაფერი გვაქვს. ყველა ბრალდებას მივიღებ გარდა იმისა, რომ ყოფილი ხელისუფლება ელიტარულ კორუფციაში იყო ჩართული", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების რეჟიმის პირობებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნება.
"რაღაც სისულელეები ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებს არ უნდა გადავაყოლოთ. ჩემთვის რა თქმა უნდა, დაკითხვებზე დაბარებები მტკივნეულია, თუმცა თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით შეგვაშინებენ, ძალიან ცდებიან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.