[მედიანიუსი]
შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიციის აკადემიის პროტექტორის და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძისათვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.
როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, ორი კვირის წინ ლუკა კურტანიძესა და თემურ ყაზარაშვილს შორის ინციდენტთან დაკავშირებათ დაწყებული გამოძიება საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.
,,ლუკა კურტანიძესა და თემურ ყაზარაშვილს შორის ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და დაკითხა ორივე მხარე, შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „მე არ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ მას უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს. ის კურირებს სამინისტროში სპორტის მიმართულებას, არის სახელოვანი სპორტსმენი და ამდენი კითხვა არ უნდა არსებობდეს მის ირგვლვ“, ერთი მხრივ, კეთდება განცხადება, თუმცა მეორეს მხრივ ფაქტი ნათელია, არსებობს დაზარალებული თემურ ყაზარაშვილი, რომელსაც შსს–ს აკადემიის პრორექტორმა ლუკა კურტანიძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა”, _ ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.
ისინი ვარაუდობენ, რომ საქმის გამოძიება მიმდინარეობს ზედაპირულად და ადგილი აქვს შერჩევით სამართალს. პოლიცია და მისი ადმინისტრაცია ძალადობის პრევენციის ნაცვლად მხარდაჭერას უცხადებს ლუკა კურტანიძეს და ახალისებს მის ქმედებას.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს, შეუჩეროს უფლებამოსილება ლუკა კურტანიძეს გამოძიების დასრულებამდე.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის სხვა ფორმას მიმართავენ.
განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: ტოლერანტობის სახლი, უფლებების სკოლა, ახალგაზრდა მედიკოსთა ქსელი, ტურიზმის სოფლის მეურნეობის კვლევითი და გადამზადების ინსტიტუტი, ახალგაზრდა სოციოლოგთა და პოლიტოლოგთა კლუბი, სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი, ეკო ტრანსპორტ ცენტრი, ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი და ალიანსი ,,უცხოელი სტუდენტები ლატვიაში და ინტეგრაცია”.
შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტმა თემურ ყაზარაშვილმა ლუკა კურტანიძე მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა და პოლიციის აკადემიის პრორექტორმა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილისა და სხვა თანამშრომლების ცემის ფაქტი უარყო. თუმცა აღნიშნულზე გამოძიება დაწყებულია.