[მედიანიუსი]
ყოფილი პატიმარი ვახტანგ ოქროპირიძე, რომელიც ციხის სკანდალური კადრების ავტორს ვლადიმერ ბედუკაძეს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართავს
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილმა პატიმარმა აღნიშნა, "რუსთავი 2"-ის ეთერში ბედუკაძის დანაშაულში მხილების შემდეგ, მან "მუქარის შემცველი სიგნალები მიიღო" და მიიჩნევს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
პრესკონფერენციაზე ვახტანგ ოქროპირიძეს არ დაუკონკრეტებია, მუქარა რა ფორმით განხორციელდა მასზე.
მისი თქმით, პატიმრების წამება მხოლოდ გლდანის საპყრობილეში არ ხდებოდა და პატიმრებს არაადამიანურად გეგუთის, ბათუმისა და თბილისის რამდენიმე დაწესებულებაშიც ეპყრობოდნენ.
ვახტანგ ოქროპირიძის განცხადებით, ის პატიმართა წამებაში მხოლოდ ვლადიმერ ბედუკაძეს არ ადანაშაულებს და ხაზს უსვამს, რომ დაწესებულებაში იყვნენ სხვა პირებიც, რომლებიც მონაწილეობდნენ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში და თავის საჩივარში მათზეც საუბრობს.
მისივე ცნობით, დავით ჭაკუას, გაგა მკურნალიძეს, სერგო კეკელაშვილს, მამუკა ჩერგიანს, გედევან გაბელიას, დავით ცირეკიძეს, და ვინმე ხარიტონას არაერთი პატიმარი ჰყავთ ნაწამები. ყოფილი პატიმრი ამტკიცებს, რომ მას ორი ჩანაწერი მოიპოვა - ერთი აუდიო და ერთიც ვიდეო მასალა, რომლებიც სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების ძალადობას ადასტურებენ. მისივე თქმით, ორივე ჩანაწერს ის დღესვე პროკურატურას გადასცემს.
როგორც ოქროპირიძემ აღნიშნა, ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც წარმოადგენს ვიდეოთვალის მიერ გადაღებულ მასალას, გაგა მკურნალიძის ხმა ისმის და ის უშუალოდ მასზე ძალადობს.
„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები პატიმრებზე ფიზიკურ ძალადობას პერმანენტულად ახორციელებდნენ. რაც შეეხება ბედუკაძის ბრა;დებას თითქოს რომელიმე პარტიის ინტერესების გამო მივეცი მის წინააღმდეგ ჩვენება, აბსურდია. ამ ფაქტებზე საჩივარი 2012 წლის სექტემბერშიც დავწერე. მანამდეც არაერთი საჩივარი დამიწერია. . ამას დაადასტურებს სახალხო დამცველი, რომლის მეშვეობითაც ჩემი ბოლო საჩივარი საგამოძიებო ორგანოებს გადაეცა, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ ყოფილა და სწორედ იმიტომ, რომ გამოძიების პროცესი დაჩქარდეს, საჯარო განცხადება გავაკეთე,", - განაცხადა ვახტანგ ოქროპირიძემ .