[მედიანიუსი]
ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, რთულია წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის ყოფილ მაღალჩინოსნებს პასუხი აგებინო, როდესაც სასამართლო ჯერ კიდევ მათ მიერ იმართება.
ექსპერტი უსაფუძველოდ მიიჩნევს პოლიტიკოსთა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკას იმის შესახებ, რომ სამართლიანობის აღდგენის დაპირების ასრულება ჭიანურდება და გამოძიებამ კონკრეტული შედეგები ამ დრომდე ვერ დადო.
როგორც „მედიანიუსთან“ საუბრისას ხუხაშვილმა აღნიშნა, გახმაურებული საქმეების გაჭიანურებას სხვა ობიექტური მიზეზებიც აქვს. ერთ–ერთი ფაქტორია საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი და რეაქცია ასეთი საქმებისადმი.
„რაც ყველაზე მთავარია, ახალი ხელისუფლება არ ჰგავს წინა ხელისუფლებას, რომელიც ძაფით კერავდა საქმეებს. საქმის კანონიერად გამოძიებას დრო სჭირდება, მითუმეტეს, როდესაც საქმე ხანდაზმულია და მაფიოზური კლანის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ეხება. ასეთ საქმეებზე აჩქარება არ შეიძლება, ყველაფერი კანონიერად უნდა გაკეთდეს. თუმცა რამდენიმე საქმეზე, რომელიც გამოძიებამ სასმართლოს წარუდგინა, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ყოფილი მაღალჩინოსნები გამოუშვა. დღეს არსებული სასამართლოს პირობებში ძნელია ობიექტური განაჩენები იქნას გამოტანილი. მე ასევე არ დავეთანხმები კრიტიკას იმის შესახებ, რომ გამოძიება საერთაშორისო საზოგადოების აზრის პოლიტიკური მძევალი გახდა. ეს ასე არ არის. მთავარია, საერთაშორისო საზოგადოებას სრულყოფილი მასალები მიაწოდონ თითეული საქმის შესახებ. თანაც უკვე გადაწყდა, რომ გახმაურებულ საქმეებში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან და საერთაშორისო ორგანიზაციებს დეტალური ინფორმაცია ექნებათ, რამდენად ობიექტურად მიდის გამოძიება“,– განაცხადა გია ხუხაშვილმა.