[მედიანიუსი]
საპარლამენტო უმცირესობის წევრი კობა დავითაშვილი ფიქრობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილისათვის დაანონსებული საპროტესტო აქციის თარიღი საეჭვოდ ემთხვევა საკონსტიტუციო ვადებს, რა დროსაც პრეზიდენტის პარლამენტის დათხოვნის და ახალი მთავრობის ფორმირების უფლება ენიჭება.
როგორც დავითაშვილი აცხადებს, ეს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პარლამენტის წინააღმდეგ განხორციელებული მუქარაა.
“სასოწარკვეთილი ნაციონალური მოძრაობა ხავსს ებღაუჭება და ეს მათი მხრიდან ღია გადასვლაა კონფრონტაციაზე. ეს არის პირდაპირი მუქარა და დამთხვევა... 19 აპრილი უკავშირდება სწორედ საკონსტიტუციო ვადებს. მათ მიერ [საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით] შეთანხმების ხელის არ მოწერა და ჩაშლა, მათი რიტორიკა და ყველა ქმედება მიმართულია ამ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისკენ. ძალიან ამომწურავ და ადეკვატურ პასუხს მიიღებს ნაციონალური მოძრაობა ქართველი ერისაგან. სცადონ... ვნახოთ, ვის რა გამოუვა”, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილს, 16:00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ძველ შენობასთან მასშტაბური აქციის გამართვის ინიციატივით გამოდის.
როგორც დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ნაცმოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, აღნიშნული აქციის გამართვის მიზანი მთავრობისთვის იმის შეხსენება, რომ საქართველოს მოსახლეობას რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნება არ სურს და მხარს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს. მერაბიშვილის თქმით, ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი ბუნდოვანი და არამკაფიოა, რომელიც ქვეყნის უკან, რუსეთის მონობისაკენ დაბრუნების საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს.
ნაციონალური მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს ადამიანების ზემოხსენებულ აქციაზე მოწვევის მიზნით. მერაბიშვილმა ქვეყნის ყველა პატრიოტს განურჩევლად მათი პარტიული კუთვნილებისა და პოლიტიკური შეხედულებებისა, ზემოხსენებულ აქციაში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.