მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოს შრომის კოდექსის პროექტზე დასკვნა გამოქვეყნდა - 25 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" საქართველოს შრომის კოდექსის პროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა. ამასთან დაკავშირდებით ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა.

როგორც მასში არის აღნიშნული, კანონპროექტში წარმოდგენილი სიახლეები ზოგადად პოზიტიურად არის შეფასებული, ვინაიდან მათი მიზანია დასაქმებულთა უფლებების უკეთ დაცვაა. ამავდროულად, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის ზოგიერთი დებულება არათუ აუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას, არამედ – პირიქით, ხოლო მათი ნაწილი ურთიერთსაწინააღმდეგო და ბუნდოვანია.

„ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რომელიც დასკვნაშია წარმოდგენილი, დაკავშირებულია ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებასთან. კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება შექმნის სიტუაციას, როდესაც დამსაქმებელს ეკისრება ვალდებულება, სამუშაო დრო განსაზღვროს არაუმეტეს კვირაში 41 საათისა (არასრულწლოვანის შემთხვევაში არაუმეტეს 36 ან 24 საათისა, მათი ასაკის გათვალისწინებით), ხოლო ამავდროულად ეძლევა უფლება, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის პირს ანაზღაურება მისცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომის ხანგრძლივობა კვირაში 48 საათს აღემატება. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით ჩნდება შესაძლებლობა, დამსაქმებელმა დასაქმებული კვირაში 7 საათი (ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში გაცილებით მეტი დრო) ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ამუშაოს“, –– ნათქვამია განცხადებაში.

მისი წევრები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის მოთხოვნა –– შრომითი უფლებების დაცვა და შრომის სამართლიანი ანაზღაურება განისაზღვროს ორგანული კანონით –– სახელმწიფოს არამარტო ხსენებული საკითხების კანონით დაარეგულირების ფორმალურ ვალდებულებას აკისრებს, არამედ გულისხმობს კანონმდებლის მატერიალურ ვალდებულებასაც, ხსენებული ნორმატიული აქტით რეალურად უზრუნველყოს შრომითი უფლებების დაცვა.

„დამსაქმებლისათვის შესაძლებლობის მინიჭება, კვირაში რამდენიმე საათი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ზეგანაკვეთურად ამუშაოს დასაქმებული, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს და განსხვავებით საქართველოს შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციისაგან, აუარესებს დასაქმებულთა მდგომარეობას“, –– ნათქვამია განცხადებაში.

მის თანახმად, დასკვნაში ასევე წარმოდგენილია იმ ნორმათა ანალიზი, რომლებიც ბუნდოვანი ან ურთიერთსაწინააღმდეგოა.

„ორგანიზაციის სახელით გამოვთქვამთ იმედს, რომ დასკვნაში წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები მხედველობაში იქნება მიღებული კანონპროექტის ავტორის მიერ და სწორედ მათი გათვალისწინებით მოხდება მისი ინიცირება საქართველოს პარლამენტში", –– აღნიშნულია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას გიორგი ტუღუში ხელმძღვანელობს. იგი იმედოვნებს, რომ მისი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE